„ჯეფი“

კეტამინი (Ketamine, “vitamin K,” “Special K,” “K,”) მიეკუთვნება დისოციაციური ანალგეზიური საშუალებების ჯგუფს, რომელიც, ფენციკლიდინის მსგავსად, შეიქმნა, როგორც ანესთეზიური საშუალება. დისოციაციური საშუალებები არღვევენ ბგერითი და მხედველობითი ხატების აღქმას და იწვევენ გარემოსგან და საკუთარი თავისგან გაუცხოების – დისოციაციის შეგრძნებას. კეტამინის ზემოქმედების ქვეშ, თავის ტვინი ხანმოკლე დროით კარგავს გრძნობათა ორგანოებიდან მომავალი (სენსორული) ინფორმაციის გადამუშავების უნარს, ამით აიხსნება ე.წ. „სხეულისგან განცალკევების“, „ცნობიერების გაფართოების“ ფსიქოდელიური ეფექტი. ამავე დროს,   ნარჩუნდება სუნთქვითი, ხველისა და ყლაპვის რეფლექსები.

კეტამინს კლუბურ ნარკოტიკებს მიაკუთვნებენ.  არალეგალურ ბაზარზე კეტამინი იყიდება თეთრი ფხვნილის სახით, რომელსაც იყნოსავენ (უფრო ხშირად); მოიპოვება ასევე აბების სახით, რომლებსაც ყლაპავენ; უფრო იშვიათად კეტამინს ეწევიან ან იკეთებენ კუნთებში ან ვენაში. ზოგჯერ, კეტამინს ურევენ სასმელში, ან ეწევიან თამბაქოსთან ან მარიხუანასთან ერთად. შეყნოსვის დროს ეფექტი ვლინდება რამდენიმე წუთში და გრძელდება 30-45 წუთის განმავლობაში. ტაბლეტირებული ფორმის ჩაყლაპვის შემთხვევაში, კეტამინი მოქმედებას იწყებს 15-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1-3 საათი. კეტამინის ინექციის შემთხვევაში, ეფექტი დაუყოვნებლივ, „ნემსის წვერზე“ იწყება და ამ დროს გაცილებით მაღალია ზედოზირების რისკი.

როგორია თრობის სურათი?

თრობის სუბიექტური ნიშნები: იწყება ფეხების დაბუჟებით, თავბრუსხვევით, ადამიანს ეკარგება მოძრაობის სურვილი. ცნობიერება თითქოს პარალელურ სამყაროში გადადის, ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სხეულს, საკუთარ თავს აკვირდება გარედან. „კეტამინური მოგზაურობის“ (Ketamine trip) დროს ფანტასტიკური ხილვების სცენარი დაკავშირებულია იმ შეგრძნებებთან და ქმედებებთან, რაც წინ უძღოდა თრობას. ამიტომ, „მოგზაურობა“ შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ასევე ძალიან უსიამოვნო.

თრობის ობიექტური ნიშნები: თრობის მდგომარეობაში გუგების ზომა არ იცვლება, მაგრამ მზერა ხდება გაყინული, ვერ ხერხდება მზერის ფოკუსირება; მოძრაობა შებოჭილი; მეტყველება შენელებული; დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მომატება; უფრო მაღალი დოზები იწვევს ნერწყვდენას, გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ ღებინებას.

თრობის მდგომარეობიდან გამოსვლა იწყება საკუთარი სხეულის შეგრძნებით, რასაც თან ახლავს უსიამოვნო დისკომფორტი კუნთებში, ჩხვლეტის შეგრძნება; მოძრაობათა კოორდინაციიის აღდგენა ხდება თანდათანობით.

რა შეიძლება მოჰყვეს რეგულარულ მოხმარებას?

ფსიქიკური დამოკიდებულება ვითარდება სწრაფად და მკვეთრად არის გამოხატული. ახასიათებს ტოლერანტობის მატება. გამოხატული ფიზიკური დამოკიდებულება არ ახასიათებს, მაგრამ აღკვეთის მდგომარეობაში შეინიშნება კუნთების ტკივილი, უძილობა, დეპრესია, საჭმლის მომნელებელი სიტემის დარღვევები. რეგულარული მოხმარების დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ, ქრება ე.წ. „კეტამინური მოგზაურობა“ და მომხმარებელი ხდება ეგოცენტრული, აგრესიული, უძლიერდება შფოთვა, შესაძლებელია, განვითარდეს გახანგრძლივებული ფსიქოზური მდგომარეობა, პარანოიდული (ბოდვითი) განწყობა. კეტამინის რეგულარული შეყნოსვა იწვევს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებას და შემდგომში გადაგვარებას.

ზედოზირების ნიშნები

კეტამინით ზედოზირებას „K-ხვრელში ჩავარდნას“ უწოდებენ. ზედოზირებისა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების რისკს ზრდის მისი მიღება ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ტრანკვილიზატორებთან ერთად. დიდი დოზებით კეტამინი იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, ქოშინს, ზემოქმედებას ახდენს სასუნთქ და ენის კუნთებზე, შეიძლება გამოიწვიოს მათი სპაზმი, სუნთქვის გაჩერება.

ჩვეულებრივ, კეტამინით ზედოზირების ნიშნები მოიცავს შემდეგს:

  • ღებინება
  • აგზნება ან, პირიქით, გაბრუება
  • დაღლილობის შეგრძნება
  • დროში და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა
  • საკუთარი სხეულის სქემის აღქმის დარღვევა
  • მხედველობისა და სმენის დარღვევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის შენელება, მძიმე შემთხვევებში – გაჩერება
  • გულისცემის აჩქარება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება
  • გულყრა
  • ცნობიერების დათრგუნვა/კომა

კეტამინით ზედოზირება საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას. ექიმის მოსვლამდე, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს:

ჰოსპიტალამდელი გადაუდებელი დახმარება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზედოზირების შემთხვევებში

 

დაზარალებული იმყოფება უგონო მდგომარეობაში:

  • არ დატოვოთ დაზარალებული მარტო, დახმარებისათვის მოუხმეთ სხვებსაც;
  • გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თვითონ მიიყვანეთ დაზარალებული უახლოეს სტაციონარში (ტრანსპორტირებისას დაზარალებული დააწვინეთ მარცხენა გვერდზე ან ზურგზე წოლისას თავი მიუბრუნეთ გვერდზე პირნაღები მასების ასპირაციის, ანუ სასუნთ გზებში გადასვლის თავიდან აცილების მიზნით);
  • თუ დაზარალებული არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ ჩაუტარეთ პირის ღრუს ტუალეტი. ტრიზმის (კრიჭის შეკვრა) შემთხვევაში, თუ სასუნთქი გზები თავისუფალია, ძალდატანებით ნუ ეცდებით პირის გაღებას. თუ დაზარალებულს აქვს კბილების მოსახსნელი პროთეზი, აუცილებლად ამოიღეთ და დაუწყეთ ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში ან ტრიზმის შემთხვევაში – პირით ცხვირში);
  • თუ გულის ცემა არ მოისმინება, დაიწყეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი;
  • არ შეწყვიტოთ ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ან ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანამდე;
  • ნუ შეეცდებით პირღებინების გამოწვევას;
  • თუ ავადმყოფმა აღებინა, პირნაღები მასების გარკვეული რაოდენობა აუცილებლად შეაგროვეთ და მიიტანეთ სტაციონარში ქიმიური ანალიზისათვის;
  • ეცადეთ, შემთხვევის ადგილზე შეაგროვოთ ანამნეზური მონაცემები და მიაწოდოთ სასწრაფო დახმარების პერსონალს ან სტაციონარის ექიმს (ირგვლივ მყოფებისაგან უნდა მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და გაამახვილოთ ყურადღება დაზარალებულის პოზაზე, სპეციფიკურ სუნზე, სავარაუდო მოწამვლაზე მიმანიშნებელ ნებისმიერ ნივთზე);
  • მოწამვლის ადგილას ნანახი ნებისმიერი ნივთიერება, მედიკამენტი, წამლის შეფუთვა ან ჭურჭელი გადაეცით სასწრაფო დახმარების ან სტაციონარის სამედიცინო პერსონალს.

 

დაზარალებული იმყოფება გაბრუებულ ან აგზნებულ მდგომარეობაში:

  • არ დატოვოთ დაზარალებული მარტო, დახმარებისათვის მოუხმეთ სხვებსაც;
  • გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თვითონ მიიყვანეთ დაზარალებული უახლოეს სტაციონარში;
  • განსაზღვრეთ დაზარალებულის ცნობიერების დონე (კონტაქტში შემოსვლის უნარი, ადეკვატურობა, გარემოში და სიტუაციაში ორიენტირების უნარი) და შეძლებისდაგვარად სწრაფად შეაგროვეთ მისგან ანამნეზური მონაცემები;
  • თუ მოწამლულმა აღებინა, პირნაღები მასების გარკვეული რაოდენობა აუცილებლად შეაგროვეთ და მიიტანეთ სტაციონარში ქიმიური ანალიზისათვის;
  • ყურადღებით ადევნეთ თვალყური დაზარალებულს ტრანსპორტირების პროცესში. თუ სუნთქვა ან გული გაჩერდა, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი;
  • ეცადეთ, შემთხვევის ადგილას შეაგროვოთ ანამნეზური მონაცემები და მიაწოდოთ სასწრაფო დახმარების პერსონალს ან სტაციონარის ექიმს (ირგვლივ მყოფებისაგან უნდა მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და გაამახვილოთ ყურადღება დაზარალებულის პოზაზე, სპეციფიკურ სუნზე, სავარაუდო მოწამვლაზე მიმანიშნებელ ნებისმიერ ნივთზე);
  • მოწავლის ადგილზე ნანახი ნებისმიერი ნივთიერება, მედიკამენტი, წამლის შეფუთვა ან ჭურჭელი გადაეცით სასწრაფო დახმარების ან სტაციონარის სამედიცინო პერსონალს.
Sorry, no posts matched your criteria.